პროექტის დეტალები
საქართველო ის რეგიონია, სადაც მეწყრული პროცესები ხშირად წარმოადგენს საფრთხეს როგორც მუნიციპალურ გზებისთვის, ისე სამწუხაროდ ადამიანთა სიცოცხლისთვისაც. 2021 წლის მაისის დასაწყისში ლისის ტბასთან, მახათას გზატკეცილზე (ვაშლიჯვართან ახლოს) გააქტიურდა მასიური მეწყერი, რომელმაც შექმნა სერიოზული საფრთხე ცენტრალური გზისთვის, თბილისის ძირითადი წყალმომარაგების მილსადენებისთვის და ახლო მდებარე არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მეწყერმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია — მასზე ყველა საინფორმაციო სააგენტო წერდა. მეწყრის ყოველდღიური გადაადგილება 3–4 სმ-ს აღწევდა ქალაქის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის მიმართულებით, რაც საჭიროებდა სასწრაფო ჩარევას. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის მოწვევით, ამ მასიურ მეწყერთან გასამკლავებლად სამუშაოებში ჩაერთო CSE-ს გუნდი. ჩვენი მომზადებული პროექტის მიხედვით, მეწყრის სტაბილიზაციისა და შემამსუბუქებელი ღონისძიებებისათვის გამოყენებულ იქნა ორი რიგი „Dywidag“-ის დასაჭიმი ღეროვანი 30 მეტრი სიგრძის ანკერი (სულ 380 ანკერი). დღეს მეწყრის ზონა სტაბილიზებულია და CSE-ს მონიტორინგის კონცეფციის შესაბამისად, ჩვენი ქართველი პარტნიორი „კავკასიის გზების პროექტი“ განაგრძობს ამ ტერიტორიის მონიტორინგს.
